
მკვლევარებმა ღრუბლებში პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებას.
მეცნიერებმა, იაპონიაში, ფუჯისა და ოიამას მთებში [1300-3776 მ სიმაღლეზე] წარმოქმნილი ღრუბლებიდან ნალექი შეაგროვეს, შემდეგ კი ვიზუალიზაციის მოწინავე ტექნიკის დახმარებით, სცადეს დაედგინათ, შეიცავდა თუ არა ღრუბლები მიკროპლასტმასებს.
აერომიკროპლასტმასებში ცხრა სხვადასხვა ტიპის პოლიმერი და ერთი ტიპის რეზინი აღმოჩნდა, რომელთა ზომა იყო 7,1-94,6 მიკრომეტრი.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს მრავალი ჰიდროფილური პოლიმერი, რომლებიც, მათი თქმით, შესაძლოა ფუნქციონირებდეს, როგორც "ღრუბლის კონდენსაციის ბირთვი", რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღრუბლის სწრაფ ფორმირებაში, ეს კი საბოლოოდ მთლიან კლიმატზე იმოქმედებს.
„საერთო ჯამში, ჩვენი დასკვნებით, ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე, ჰაერში არსებული მიკროპლასტმასები შესაძლოა გავლენას ახდენდეს ღრუბლის ფორმირებაზე და, თავის მხრივ, შეცვალოს კლიმატი. ღრუბლის წყალში, თავისუფალ ტროპოსფეროში, ასევე ატმოსფერულ ზღვრულ ფენაში აერომიკროპლასტმასები პირველად აღმოვაჩინეთ“, - წერენ მეცნიერები.
„მიკროპლასტმასები ტროპოსფეროში ტრანსპორტირდება და ხელს უწყობს გლობალურ დაბინძურებას. თუ პლასტმასის ნარჩენებით ჰაერის დაბინძურების საკითხი პროაქტიულად არ განიხილება, კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური რისკები რეალობად იქცევა, რაც მომავალში შეუქცევად და სერიოზულ ზიანს მიაყენებს გარემოს. ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება აერომიკროპლასტმასებს ატმოსფეროს ზედა ნაწილში ბევრად უფრო სწრაფად შლის. შედეგად, ჰაერში ვრცელდება სათბურის გაზები, რაც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.
10 მილიონი ტონა პლასტმასის ნაკუწი საბოლოოდ ოკეანეში ხვდება, შემდეგ ისინი ოკეანიდან წარმოქმნილ აეროზოლის ნაწილაკებთან ერთად ჰაერში ვრცელდება და ატმოსფეროში გადადის. ეს ნიშნავს, რომ მიკროპლასტმასი შეიძლება ღრუბლების აუცილებელი კომპონენტი გახდეს, რომელიც „პლასტმასის ნალექის“ საშუალებით, დააბინძურებს თითქმის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვჭამთ და ვსვამთ. ადამიანები და ცხოველები მიკროპლასტმასებს ერთნაირად ყლაპავენ ან ისუნთქავენ. ისინი აღმოჩენილია მრავალ ორგანოში, მაგალითად, ფილტვებში, გულში, სისხლში, ასევე პლაცენტასა და განავალშიც,“ - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ჰიროში ოკოჩიმ.
0
0