
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი და კომიკოსი უწოდა და გააკრიტიკა, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის ლანა გალდავას თქმით, უკრაინა იცავდა საკუთარ ქვეყანას და ნებისმიერი გზავნილი, რომ უკრაინამ დაიწყო ომი, არის ანტისახელმწიფოებრივი.
"მთავარია რა შედეგი დაიდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება ომის გაჩერება, შედეგი იქნება უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის არასაზიანო. როგორც 2008 წელს საქართველო იცავდა საკუთარ ქვეყანას, ასევე იცავდა უკრაინა საკუთარ ქვეყანას. ამიტომ, ნებისმიერი გზავნილი ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, რომელიც იტყვის, რომ საქართველომ დაიწყო ომი ან უკრაინამ დაიწყო ომი, ცხადია არის ანტისახელმწიფოებრივი," - აცხადებს ლანა გალდავა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ტრამპის განცხადებებს არ იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ დარწმუნებულია, იმ პოლიტიკას, რომელსაც ამერიკა გაატარებს, იქნება უკრაინის მხარდასაჭერი.
"ზელენსკი არის უკრაინელი ხალხის წინამძღოლი, რომელმაც ყველზე მძიმე ეპოქაში შეძლო და დაუპირისპირდა პუტინს და შეინარჩუნა ქვეყნის სუვერენიტეტი, მათ შორის, ახლაც იბრძვის იმისთვის, რომ უკრაინა გადარჩეს. ამ განცხადებებს მე და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ იზიარებს. რაც შეეხება საბოლოოდ იმ პოლიტიკას, რომელსაც ამერიკა გაატარებს, ღრმად მწამს, რომ ეს პოლიტიკა იქნება უკრაინის მხარდასაჭერი," - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
0
0