03/11/2021
19:51
პოლიტიკა
კიზირიას თქმით, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სათანადო კლინიკაში, რომ შეუნარჩუნდეს სიცოცხლე.
„დღეს ამ ციხეში არის ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, რომელმაც სულ ახალგაზრდამ, 36 წლის ასაკში ჭაობიდან ამოათრია საქართველო და დააყენა განვითარების, წინსვლის გზაზე; მსოფლიო აალაპარაკა ჩვენს მიღწევებზე და ის არის ციხეში ერთი არარაობის სურვილით, რომელსაც ფულზე მეტი სხვა ფასეულობა არ გააჩნია. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ამ ქონდრისკაცს და მის მონებს, წაგვართვას ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, წაგვართვას ჩვენი საამაყო მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე; არ უნდა ვაპატიოთ მათ ის, რომ ისე გააღატაკეს, დააჩაჩანაკეს საქართველო, რომ მალე საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ მათ ის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ლამაზი, ლაღი, ნიჭიერი ახალგაზრდობა მირბის ქვეყნიდან იმიტომ, რომ აქ არავითარი შესაძლებლობა არ აქვთ, გამოიყენონ თავიანთი ნიჭი, თავიანთი უნარი. რა სამარცხვინოა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს ქურდებს, ბანდიტებს, მკვლელებს, მოვიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ, აგინონ მსოფლიო დონის პიროვნებას; როგორი სირცხვილია, რომ ქვეყნის კულტურის მინისტრი მიმართავს 50 ლარად ნაყიდ ბრბოს და ეუბნება, მიშა, ნახე რამდენს სძულხარ. მე მინდა, ვუთხრა მიშას – მიშა, რამდენს უყვარხარ, რამდენია მზად, რომ შენთვის იბრძოლოს, მე სულ თვალწინ მიდგას მიშას სახე, მისი თვალები, როდესაც ის საქართველოში შემოვიდა, სელფი გადაიღო და ეს სელფი ტელევიზორში იყო ნაჩვენები. რა ბედნიერი ვარ, რომ ამ ცას ვხედავ, საქართველოს ცას, ჩემს მიწას, ჩემს დედულეთს. ეს სახე მე დღე და ღამე არ მშორდება. ეს არის უღირსეულესი ადამიანი, რომლის გულისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის გამოვიდეს ციხიდან. მე რომ ღმერთმა ერთი სურვილი მომცეს, ვინატრებდი, რომ შემეძლოს, მე წავიდე იმ საკანში, მე ვკვდებოდე, ის კი აქ იდგეს ჩემ მაგივრად და მოგმართავდეთ თქვენ; წარმომიდგენია, როგორი ენერგიით, როგორი ზნეობით აღგავსებდათ თქვენ, გაგამარჯვებინებდათ და თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ჩვენ არა გვაქვს ექვსი დღე, არა გვაქვს დრო, ყოველი წუთი არის მნიშვნელოვანი; რაც შეიძლება მალე, საქართველოს მესამე საამაყო პრეზიდენტი უნდა იყოს გადაყვანილი სათანადო კლინიკაში, რომ შეუნარჩუნდეს სიცოცხლე ჩვენთვის, მისი ქვეყნისთვის, რისთვისაც სამსახურში ის ასე მზად არის, რომ იყოს მთელი მისი სიცოცხლე“, – განაცხადა დოდონა კიზირიამ აქციაზე.
0
0