
ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია დაიწყება მაშინ, როდესაც სიტუაცია მომზადდება, - ამის შესახებ სამხედრო და პოლიტიკურმა ექსპერტმა, ეფრეიმ მიხაელიმ ისრაელიდან ჩართვისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ისაუბრა რა არის სახმელეთო ოპერაციის შეფერხების მიზეზი და რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ის.
„ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია დაიწყება მაშინ, როდესაც სიტუაცია მომზადდება. ეს დამოკიდებულია რამდენიმე კომპონენტზე. პირველი არის ის, რომ ისრაელმა 2 დღის წინ გამოაცხადა, შეატყობინა მსოფლიოს, რომ ჩრდილოეთ ღაზის ტერიტორიიდან გავიდეს 1,100 მლნ ადამიანი და ისინი უნდა გადავიდნენ ღაზის სამხრეთით, რადგან ჩვენ სახმელეთო ოპერაციას ვიწყებთ. ისრაელს სურს, რომ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გავიდეს აღნიშნული ტერიტორიიდან, რათა იქ ოპერაციის ჩასატარებლად შევიდეს“, - განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, ქალაქ ღაზის მიწისქვეშ არის მსოფლიოში უდიდესი გვირაბი, სადაც ტერორისტთა შტაბებია განთავსებული, იარაღის საწყობები და მათი კავშირგაბმულობაა. ამდენად, ისრაელის მთავრობა სთხოვს მშვიდობიან მოქალაქეებს ღაზის სამხრეთით გადავიდნენ.
ეფრეიმ მიხაელის განცხადებით, მეორე მიზეზი, რის გამოც სახმელეთო ოპერაციას ისრაელი არ იწყებს, არის ის რომ „ჰამასს“ შტაბები, ხშირ შემთხვევაში, საცხოვრებელ კორპუსებში აქვს.
„იქნება დედლაინი, რომლის დარღვევა აღარ მოხდება და ისრაელი სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად შევა“, - აღნიშნა მიხაელმა.
ექსპერტმა განაცხადა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში 126 ადამიანია ტყვედ აყვანილი, მათგან 66 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონეა.
0
0