აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკანასკნელი შესაძლებლობა იყოს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
”ეს გადამწყვეტი და, ალბათ, საუკეთესო მომენტია, რადგან შესაძლოა უკანასკნელი შანსია მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და იმისთვის, რომ ყველა დაადგეს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზას. პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, მე აქ ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში ვიმყოფები, რათა მხარებს შორის შეთანხმების მიღწევა საბოლოოდ მოხერხდეს... ასევე დროა, დავრწმუნდეთ, რომ არავინ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ამიტომ, შემდგომი რეგიონული ესკალაციისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ვმუშობთ“, - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე.
როგორც Reuters-ი წერს, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მარათონული მოლაპარაკებები, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, დოჰას შემდეგ, ამ კვირაში კაიროში გაგრძელდება. ენტონი ბლინკენი აშშ-ის დიპლომატიურ ზეწოლას გააძლიერებს, რათა მიმდინარე კვირის ბოლოს მოლაპარაკებების წინსვლა უზრუნველყოს.
0
0