
ანგლიკანმა არქიეპისკოპოსმა ჰოსამ ნაუმმა ღაზას ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება დაგმო, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა. არქიეპისკოპოსმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ჩართულ ორივე მეომარ მხარეს წმიდა მიწაზე ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, არქიეპისკოპოსი ჰოსამ ნაუმი ანგლიკანურ პროვინციას (რომელიც მოიცავს იერუსალიმის საეპისკოპოსო ეპარქიას) ხელმძღვანელობს. მისი თქმით, საომარ მოქმედებებს გამოქცეული ბევრი პალესტინელი ანგლიკანურ საავადმყოფოში უსაფრთხო თავშესაფრისთვის მივიდა.
„ისინი 17 ოქტომბერს ეზოში შეიკრიბნენ და მშვიდობის მიღწევის გამომხატველ სიმღერებს ასრულებდნენ, რასაც მალევე თავდასხმა მოჰყვა. ჩვენი ეკლესიები გმობენ ამ საშინელ ხოცვა-ჟლეტას და მიგვაჩნია, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ეს ომი დაასრულონ“, - განაცხადა ნაუმმა პრესკონფერენციაზე. მას წმინდა მიწის 13 ქრისტიანული კონფესიის სხვა წინამძღოლები [პატრიარქი] შეუერთდნენ.
ნაუმის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფო დაკეტილია, ხოლო ხელისუფლება დაღუპულებსა და დაშავებულებზე შესაბამისად ზრუნავს და შემდგომ ნაბიჯებს გეგმავს.
„ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ, შევინარჩუნოთ ჩვენი ინსტიტუტები დ სალოცავი ადგილები ღიად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გაჭირვებული და დაუცველია“, - თქვა ნაუმმა.
რეპორტიორის შეკითხვაზე, თუ ვინ იდგა ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან, ნაუმმა კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა განაცხადა, რომ „ღაზაში პალესტინელები ახლა საჰაერო თავდასხმების მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ - მათ თავს ესხმიან საკუთარ სახლებში, ქუჩებში და საავადმყოფოებშიც კი. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ხალხი მივა იმ დასკვნამდე, რომ საკმარისია ეს ომი და ორივე მხარის მსხვერპლი”.
ასევე, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ 18 ოქტომბერს წერილობითი განცხადება გაავრცელა და საავადმყოფოზე თავდასხმა დაგმო:
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სადაოა, თუ ვინ დგას აფეთქების უკან, ეს არის ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. ცხადია, რომ საავადმყოფოები, ექიმები და პაციენტები დაცული უნდა იყოს. ისრაელის ხალხზე „ჰამასის“ საზარელი ტერორისტული თავდასხმები ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ისრაელს ლეგიტიმური უფლება და მოვალეობა აქვს, დაიცვას საკუთარი თავი და მიიღოს პროპორციული და დისკრიმინაციული ზომები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ომის წესები არსებობს იმისთვის, რომ კონფლიქტის ქაოსის ფონზე მაქსიმალურად დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ციკლი მომავალი თაობების მიმართაც გაგრძელდება“, - თქვა უელბიმ.
0
0