-share.jpg)
ორბელიანის მოედანზე „ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.
როგორც მან განაცხადა, გუშინ თბილისში “ესპანეთის დღე”, ხოლო დღეს “შვედეთის დღე” აღინიშნება.
„ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მე მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, შვედეთის ელჩს მინდა მივესალმო განსაკუთრებით და ჩვენს მერს, ბატონ კახა კალაძეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეებს. ჩვენ გუშინ ბატონ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის დღეების გახსნა ოფიციალურად, და იცით ასევე, რომ ჩვენ გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი გადაიბარებს ოფიციალურად ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან, და მანამდე, როგორც იცით, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ, დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან. გუშინ მათ სასიამოვნო საღამო შესთავაზეს ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მოსახლეობას. დღეს ასევე გველის შვედური საღამო თავისი კულტურული ელემენტებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებიან თბილისის მერი და ელჩები.
დღევანდელი დღე შვედური კულტურის წარმოჩენას ეძღვნება.
თბილისში „ევროპის დღეები“ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გუშინდელი დღე, 6 მაისი, ესპანეთს მიეძღვნა.
0
0