06/06/2023
09:04
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად აშენებულ ობიექტებს დაათვალიერებს.
მთავრობის მეთაური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები, გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების. სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისა და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებაში თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის. დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედ სარეკლამო კედლები.
პრემიერ-მინისტრი მიხეილ მესხის სტადიონის დათვალიერების შემდეგ იმერეთში ჩავა, სადაც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას დაათვალიერებს.
პრემიერი სპორტულ ობიექტებთან ერთად იმერეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა.
საქართველოში უეფა-ს, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.
უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0