
გერმანული მედიის ცნობით, კიოლნთან ახლოს, ელექტროენერგიის ქვესადგურზე ინციდენტი მოხდა.
როგორც გერმანიის პოლიციაში განაცხადეს, ბერგჰაიმის ქვესადგურში მოკლე ჩართვა ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული და ინციდენტი შესაძლოა, განზრახ თავდასხმა იყოს.
პოლიცია ამჟამად სავარაუდო დანაშაულის კვალს იკვლევს. ჯერჯერობით უცნობია ზიანის მასშტაბი და თავდასხმის მეთოდი. სამართალდამცველები ასევე არ ადასტურებენ კავშირს ამ შემთხვევასა და ბრანდენბურგში, ერთი დღით ადრე, ქვესადგურზე მომხდარ დივერსიას შორის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრანდენბურგში უცნობი პირები ცდილობდნენ შპრეე-ნაისეს რაიონში, ტურნოვ-პრაილაკის ქვესადგურზე თავდასხმას. ეს რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაღალი ძაბვის კვანძია, რომელიც იენშვალდეს უმსხვილეს ელექტროსადგურს გადამცემ ელექტროქსელთან აკავშირებს.
ინციდენტის შედეგად ორი მოკლე ჩართვა მოხდა და იენშვალდეს ელექტროსადგურის ენერგობლოკი დროებით გაითიშა. თუმცა, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის თავიდან აცილება მოხერხდა.
ბრანდენბურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან რედმანმა განაცხადა, რომ ფედერალური მიწის ელექტროქსელი დივერსიის სამიზნე გახდა.
0
0