16/01/2025
14:25
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები სოციალურ ქსელ X-ზე საკუთარ საჯარო ინფორმაციას აღარ განათავსებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ისინი წუხან იმ პროცესების გამო, რომელიც სოციალური ქსელის გარშემო ვითარდება.
Reuters-ის მტკიცებით, ისინი სოციალური ქსელის მფლობელ ილონ მასკს ევროპული პოლიტიკის ჩარევაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გადაყენების მოთხოვნას და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, შინაარსით „არაკომპეტენტური სულელი“ და ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმის მიცემის პროპაგანდას.
თუმცა, ამის მიუხედავად არცერთ გერმანულ სამინისტროს კონკრეტულად მასკი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში არ დაუდანაშაულებია, მიუხედავად იმისა, რომ მან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან ალისა ვაინდელთან ინტერვიუ ჩაწერა.
„ჩვენ სულ უფრო უკმაყოფილოები ვართ იქ განვითარებული მოვლენების გამო“, - ციტირებს სააგენტო გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, უწყება X-ზე ინფორმაციას დეზინფორმაციული ცნობების საპასუხოდ მაინც განათავსებს, თუმცა კომუნიკაცია თავის მკითხველთან კომპანია Meta-ს WhatsApp მესენჯერის მეშვეობით დაამყარებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ისინი მუდამ ადევნებენ თვალს პლატფორმებს, რომლებზეც წარმოდგენილნი არიან და მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რის შედეგადაც გადაწყვიტეს გააძლიერონ თავისი ყოფნა ახალ პლატფორმა BlueSky-ზე.
0
0