
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 18 დეკემბერს შს მინისტრი ნენსი ფეზერი სპეციალურ წარმომადგენელ იოახიმ შტამპთან ერთად თბილისში ჩამოდის. ის აქ ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს შეხვდება, შემდეგ კი მხარეები მიგრაციის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
"შეთანხმებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკვე კარგ თანამშრომლობას იმ ადამიანების დაბრუნებაში, რომლებიც ვალდებულნი არიან დატოვონ ქვეყანა. ეს არის შემდგომი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის ეფექტიანად შეზღუდვისკენ". - თქვა ფეზერმა თბილისში გამომგზავრებამდე.
გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში არალეგალური მიგრაციის მუდმივ შემცირებას ისახავს მიზნად. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლდოვის რესპუბლიკასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთანაც.
ამასთან, გერმანული უწყების ცნობით, ხელშეკრულებით გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველებისთვის ახალი პერსპექტივები იქმნება.
"გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები სპეციალურად ფართოვდება, რათა ხელი შეუწყოს მესამე ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არასტაბილური სამუშაო ურთიერთობებიდან გასვლას. ამ მიზნით საქართველოსთან შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება". - აღნიშნულია გერმანიის შსს-ს განცხადებაში. აქვე მითითებულია, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, 16 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა.
0
0