15/12/2023
20:17
მსოფლიო
გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, გერმანიის მთავრობა შეძლებს, დააჩქაროს და გაამარტივოს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვა და უფრო სწრაფად მოახდენს იმ პირთა დეპორტაცია, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან.
როგორც გერმანული მედია წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესრატმა 15 დეკემბერს მიიღო. მანამდე, ნოემბერში კანონპროექტი დაამტკიცა ბუნდესტაგმა – გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ. ის ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.
მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში შესვლა სურთ და ამ ქვეყნებში მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან.
„ამას გარდა, ყოველი მეათე თავშესაფრის მაძიებელი გერმანიაში საქართველოდან და მოლდოვიდან ჩადის, ხოლო მათი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარება, საშუალებას მოგვცემს, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად შევამციროთ არალეგალური მიგრაციის მასშტაბები“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის თავშესაფრის მიღების უარყოფილი განაცხადების მთელი რაოდენობის 10%.
უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად გერმანიაში აღიარებულია ასევე ალბანეთი, ბოსნია, განა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი, სერბია და მონტენეგრო.
0
0