
საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა მისი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებში, მომდევნო პერიოდის განმავლობაში გერმანიის მიმართულებით არაერთი ჩარტერული რეისი დაინიშნება, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „იმედს“ განუცხადა.
მისი თქმით, თანამშრომლობა გაგრძელდება ასევე უკვე დაგეგმილ ჩარტერულ ფრენებთან დაკავშირებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ავიაბილეთების რეალიზება მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე შეიძინონ ბილეთები. იცით, რომ ერთი გზა, ავიაბილეთის ღირებულება წარმოადგენს 195 ევროს, ანუ სუბსიდირებული ტარიფიდან გამომდინარე ღირებულება იქნება 195 ევრო. ადამიანებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტონ თუ როგორი მარშრუტი უნდათ რომ შექმნან. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ერთ, ორ ან თუნდაც სამ მატჩს დაესწრონ და შესაბამისად, აღნიშნული ჩარტერული ფრენები და ფორმატი, თუ როგორ მოხდება ბილეთების რეალიზება თითოეულ ადამიანს მისცემს მეტ მოქნილობას გადაწყვიტოს რომელი ფრენით სურს წასვლა, რამდენ მატჩს დაესწრება და რომელი ფრენით დაბრუნდება უკან სამშობლოში. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება 390 ევრო, ავიაბილეთები იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს და ექნება მატჩზე დასასწრები ბილეთი, ეს იქნება მთავარი წინაპირობამ რითაც ისინი შეძლებენ სუბსიდირებული ავიაბილეთების შესყიდვას.
მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ რეისები შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. იცით, რომ ფაქტობრივად ყველა ის ავიაკომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს ავიარეისების შესრულების უფლებას, ჩართულია აღნიშნულ პროექტში, „ჯორჯიან ვინგსი“, „ჯორჯიან ეირვეისი“, ისევე, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ავიაკომპანია „ვიზიარი“ ქუთაისიდან არის აღნიშნული პროექტის, ასე ვთქვათ, თანამონაწილე. ასევე, ჩვენ თანამშრომლობა გვექნება ადგილობრივ კომპანიასთან, რომელსაც აქვს დაგეგმილი ჩარტერული რეისები და სწორედ ეს პროექტი და ასეთი მაღალი ჩართულობა ამ ავიაკომპანიებისა და კომპანიების მხრიდან, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 3 ათასამდე ადამიანს ჰქონდეს წვდომა ავიაბილეთებზე და 3 ათასამდე ქართველი ქომაგი გაემგზავროს გერმანიაში და უგულშემატკივროს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“,-აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
0
0