
გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას გეგმავს. მერცის პარტიამ შეიტანა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და რომელშიც არის 551 საპარლამენტო შეკითხვა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ კრიტიკოსებმა გამოძიება შეაფასეს, როგორც თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ პროტესტს „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წინააღმდეგ მიგრაციის საკითხებზე პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფები, როგორიცაა „მემარცხენეები და მწვანეები“, შიშობენ, რომ გერმანიის შიდა ბრძოლა შეიძლება გადავიდეს ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე კონსერვატორებისა და ულტრამემარჯვენეების დამაკავშირებელი გზის შექმნით.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ უკვე დაიწყო კამპანია – რომელსაც მხარს უჭერენ მემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები“ (ECR) და ულტრამემარჯვენე „პატრიოტები ევროპისთვის“ – იმის შესამოწმებლად, გამოიყენებოდა თუ არა ევროკომისიის დაფინანსება მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბრიუსელში ლობირების მიზნით.
გერმანიის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ „ევროპის სახალხო პარტიის“ მთავარი წევრია.
„ჩვენ არ გვინდა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ გახდეს რაიმე სახის ორუელის აზროვნების პოლიცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეუბნება, რა უნდა იფიქროს“, – განაცხადა ევროპული „მწვანეების პარტიის“ თანათავმჯდომარემ, კიარან კაფმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, კიდევ უფრო გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპის მმართველობაში იმ დროს, როდესაც მას უკვე ემუქრება მძიმე შემცირება აშშ-ის საგარეო დახმარების დაფინანსებისგან.
0
0