27/07/2023
10:51
მსოფლიო
21 ივლისს, ნიურნბერგში, ევანგელიკურ წმინდა ეგიდიუსის ეკლესიის შენობაში (Kulturkirche St. Egidien), ცნობილი გერმანელი ქვიარ კინორეჟისორის როზა ფონ პრაუნჰაიმის ნახატების გამოფენა "Jesus liebt" გაიხსნა და იგი 12 აგვისტომდე უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, 25 ივლისს დაიხურა. მიზეზი ექსპოზიციის კრიტიკაა, თითქოსდა ძალიან "გამოკვეთილი სექსუალური სურათების" გამო. ეკლესიამ ოთხშაბათს, 26 ივლისს განაცხადა, რომ გამოფენა დახურულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას გაავრცელებს.
ადგილობრივმა პასტორმა თომას ცაიტლერმა განმარტა, რომ სოციალურ მედიაში, მათ შორის საეკლესიო არხებზე, კრიტიკის გარდა, იყო მუქარა ეკლესიისა და თემის მიმართ. "გამოხმაურებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია, რომ თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები მომავალში", - ციტირებს ევანგელისტური ეკლესიის პრესსამსახური მოძღვრის სიტყვებს. "გამოფენა დახურული დარჩება საზოგადოებისთვის მანამ, სანამ საეკლესიო საბჭო, უახლოეს დღეებში საბოლოო განმარტებას არ გააკეთებს", - ნათქვამია ნიურნბერგის წმინდა ეგიდიუსის ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეკლესიის განმარტებით, რეჟისორისა და მხატვრის როზა ფონ პრაუნჰაიმის ნამუშევრების გამოფენა ნიურნბერგში "სიამაყის კვირეულის" (CSD) პროგრამის ნაწილია. ნახატები ეხება რელიგიას, სექსუალობას, სიყვარულსა და სიკვდილს და ზოგიერთი მათგანი აშკარად ჰომოეროტიულია. ამ მიზეზით, ზოგიერთი ნამუშევარი ფარდების მიღმა მოათავსეს - ისინი მხოლოდ მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი.
გამოფენა კრიტიკულად განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ეკლესიის მიერ ძალადობა, ქალიშვილობა და მტრობა ქვიარ ადამიანების მიმართ.
ეკლესიის გამგეობის აღმასრულებელმა პასტორმა მარტინ ბრონსმა თქვა, რომ კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული. ამავდროულად, ბრონსი მიიჩნევს, რომ ეკლესიის ამოცანაა, ისაუბროს აქტუალურ საკითხებზე, "რაც სოციალურ-პოლიტიკურ და რელიგიურ გამოწვევებს წარმოადგენს წმინდა ეგიდიუსის კოსმოპოლიტურ-კულტურულ ეკლესიაში".
როზა ფონ პრაუნჰაიმი, "ქამინგ აუთის პიონერი" გერმანიაში, რომელსაც გასულ წელს 80 წელი შეუსრულდა, ცნობილია არა მხოლოდ, როგორც პროვოკაციული კინორეჟისორი და ლგბტქ აქტივისტი, არამედ, როგორც მხატვარი და რელიგიური ანალიტიკოსი. გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ნახატები, რომლებშიც გამოხატულია როგორც რეპრესიულ რელიგია, ასევე განთავისუფლებული სექსუალობა.
როგორც გერმანული ლგბტქ გამოცემა queer.de აღნიშნავს, ნიურნბერგში ნაჩვენები როზა ფონ პრაუნჰაიმის ნახატები ხაზგასმით წარმოაჩენს დაძაბულობას ეკლესიასა და სექსუალობას შორის. ზოგიერთი ასახავს იესოს, მარიამს და პაპს ბენედიქტ XVI-ს და სწორედ ეს ნახატები იყო ფარდების მიღმა. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანზე, ნაჩვენებია, რომ იესო ერთნაირსქსეიანობას აკურთხებს. კიდევ ერთი ნამუშევარი ასახავს სექსუალურ ორგიას, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობენ.
რეგიონალურმა ბავარიულმა გაზეთმა Nürnberger Nachrichten-მა "წმინდა ეგიდიუსის ეკლესიის გამბედაობა" შეაქო. თავის მხრივ, ნიურნბერგის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პრესმდივანმა, იოაჰიმ ბაუმგარდტმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოფენის დახურვის მიზეზი მისი ორგანიზატორების მიმართ მწვავე კრიტიკის ნაკადი იყო.
0
0