გერმანიაში მმართველმა კოალიციამ კრახი განიცადა. ეს არის ამომრჩევლის პასუხი იმაზე, რომ არ მოსწონთ არსებული პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირველი ქართული დელეგაციის წევრმა, ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ განაცხადა.
„გერმანიაში ამ არჩევნების შედეგებს უწოდეს პოლიტიკური მიწისძვრა. შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა კოალიციამ, რომელსაც „შუქნიშანი“ ჰქვია, კრახი განიცადა. ეს მათთვის მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ წელს გერმანიაში 16 წლის ახალგაზრდებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და „მწვანეებს“ მაინც ჰქონდათ იმის იმედი, რომ მათი ამომრჩევლების უმრავლესობა, როგორც ადრე, ახლაც ახალგაზრდები იქნებოდნენ. ეს ასე არ მოხდა - ახალგაზრდების ხმები გადანაწილდა და მათი 6% წავიდა სარა ვაგენკნეხტთან, რომლის პარტიაც სულ რაღაც 6 თვის წინ დაფუძნდა.
გერმანიაში აქტივობამ 61% შეადგინა, ეს გამოიწვია იმან, რომ ადამიანებს სურთ ცვლილებები. „შუქნიშნის“ ლიბერალური კოალიციის მარცხი, შეიძლება ითქვას, არის არა მემარჯვენეების პირდაპირი გამარჯვება, პოლიტიკურად არის ეს კოალიციის მარცხი. ეს არის ამომრჩევლის პასუხი იმაზე, რომ მათ არ მოსწონთ არსებული პოლიტიკა და სურთ, რომ მათი მშვიდობა და პირადი კეთილდღეობა უფრო მაღალ დონეზე იყოს განხილული და მთავრობამ ამას უფრო მეტი დრო დაუთმოს.
0
0