02/10/2023
16:42
მსოფლიო
„პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინას გერმანიასთან მჭიდრო კავშირის დამყარებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა,“ - წერს Ukriniform-ი.
მორავიეცკის განცხადებით, ის „პოლონეთის სოფლის მეურნეობას უკრაინელი აგროოლიგარქებისგან დაიცავს“. მარცვლეულის გამო კონფლიქტი მოკავშირეებს შორის უთანხმოებას აძლიერებს, რასაც პოლონეთის მომავალი არჩევნებიც ემატება.
"ის [ბატონი ზელენსკი] ახლა ფიქრობს, რომ გერმანიასთან მჭიდრო კავშირს დაამყარებს. გაფრთხილებთ, რომ გერმანელები ყოველთვის შეეცდებიან რუსებთან საერთო ენის გამონახვას ცენტრალური ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელების გვერდის ავლით. სწორედ პოლონეთმა მიიღო რამდენიმე მილიონი უკრაინელი და პოლონელებმა შეიფარეს უკრაინელები თავიანთ ჭერქვეშ. მათ ყველაზე მეტად ჩვენ დავეხმარეთ მაშინ, როცა გერმანელებს ალყაში მოქცეული კიევისთვის 5000 ჩაფხუტის გაგზავნა სურდათ. და ეს არ უნდა დაივიწყოთ, პრეზიდენტო ზელენსკი!" - განაცხადა მორავიეცკიმ.
როგორც ცნობილია, მატეუშ მორავიეცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროში სიტყვით გამოსვლისას „შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთების“ გამო დაადანაშაულა.
პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გამწვავება მაშინ დაიწყო, როდესაც ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე ემბორგოს მოხსნა გადაწყვიტა, მაგრამ პოლონეთმა მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა, საკუთარი ფერმერების დაზარალების თავიდან აცილების მიზნით, გაახანგრძლივა. უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა და ზელენსკიმ უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ დავას „პოლიტიკური წარმოდგენა” უწოდა, რომელიც „მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს“.
0
0