გერმანია, აგვისტოში, ქალაქ სოლინგენში დანით თავდასხმის შემდეგ, სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ინციდენტს 3 ადამიანი ემსხვერპლა. თავადსხმაში ეჭვმიტანილი სირიის მოქალაქეა, რომელმაც თავშესაფარი ვერ მიიღო და მას დეპორტაცია ემუქრებოდა.
ახალი გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეიზერის განცხადებით, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან ამოქმედდება და თავდაპირველად 6 თვით გაგრძელდება.
„მთავრობა მკაცრ პოზიციას იკავებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. ეს შემოწმებები შეამცირებს ისლამისტური ექსტრემიზმის გამოვლინებებს და საზღვრისპირა დანაშაულის შემთხვევებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ საფრთხეებისგან დავიცვათ“, - დასძინა ფეიზერმა.
როგორც BBC-ი წერს, გერმანიამ უკვე დააწესა კონტროლი აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე პოლონეთთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებზე და მატარებლებში შემოწმებებს მოიცავს.
მსგავსი ღონისძიებები ყველა სასაზღვრო პუნქტში გატარდება. თუმცა, კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი უფრო პოლიტიკას ეხება, ვიდრე უსაფრთხოებას.
0
0