
გერმანიის მთავრობა მომავალი კვირიდან გააუქმებს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის შეზღუდვას. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბერლინმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გასულ თვეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გათვალისწინებით მიიღო.
„მთავრობა, როგორც წესი, იარაღის ექსპორტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური განხილვის პრაქტიკას დაუბრუნდება და შემდგომ მოვლენებზე რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა.
ამგვარად, იარაღის ექსპორტი 24 ნოემბრიდან განახლდება.
გერმანიის მთავრობამ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა აგვისტოში შეაჩერა ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე. გერმანია ისრაელში იარაღის მეორე ექსპორტიორია აშშ-ის შემდეგ. იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება გავრცელდა იმ იარაღზე, რომლის გამოყენებაც ღაზაშია შესაძლებელი და არა თავდაცვით შესაძლებლობებზე.
0
0