12/04/2024
15:39
პოლიტიკა
გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი, 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შოლცის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს.
„აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ, პირველ რიგში, ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ მთავრობის სურვილია, არამედ გახლავთ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილი, იმ მოსახლეობის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას. ამიტომაც, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს და ევროპასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ვითარებაში პრობლემებზეც არის საუბარი.
„ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. კანონს აგენტების შესახებ და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოაგოდების მიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024