ევროპარლამენტის წევრი გერმანიის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიიდან „გერმანიის ალტერნატივა“ მაქსიმილიან კრა ჩინეთის სპეცსამსახურებისგან დაფინანსების მიღებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ წერენ გამოცემები WDR, NDR და გაზეთი Süddeutsche Zeitung, რომლებმაც ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
შუამავალი ჩინეთის სპეცსამსახურებსა და გერმანელ ევროდეპუტატს შორის, შესაძლოა, წარმოშობით ჩინელი, გერმანიის მოქალაქე ცზიან გ. გამოდიოდა, რომელიც მაქსიმილიან კრას ოფისში მუშაობდა. ეს პირიც უცხოურ სპეცსამსახურზე მუშაობაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ინფორმაციით, ცზიან გ. რეგულარულად უგზავნიდა „გერმანიის ალტერნატივის“ ერთ-ერთ ლიდერს 5-ნიშნა თანხებს, მათ შორის ფიქტიური ფირმებიც გამოიყენებოდა, რომლებიც კრას იურიდიული კომპანიების სახელს ატარებდნენ. გამომძიებლებმა ამ იურიდიული კომპანიის ანგარიშზე 14 000 ევრო აღმოაჩინეს, რომელიც ჩინური კომპანიისგან ჩაირიცხა.
გერმანიის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ ცზიან გ-ს საქმიანობასა და კონტაქტებს უკვე 1 წელზე მეტია აკვირდებიან. ერთ-ერთ მიმოწერაში ეს პირი ამბობს, რომ ჩინეთის დაზვერვაზე 20 წელზე მეტია მუშაობს. მეორე შეტყობინებაში კი ამბობს, რომ თავის უფროსს - ევროდეპუტატს საერთო ჯამში 50 000 ევრო გადაუხადა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ევროპარლამენტარი ამ ფულს ჩინური დაზვერვისგან იღებდა.
თავის მხრივ, დრეზდენის პროკურატურა მაქსიმილიან კრას წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. ის რუსეთიდან თანხების მიღებაშია ეჭვმიტანილი. ცზიან გ. აპრილში სწორედ დრეზდენის პროკურატურამ დააკავა. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
0
0