23/04/2024
14:58
პოლიტიკა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა - ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ კვოტების გაუქმებაზე მოსაზრებას ამზადებს ვენეციის კომისიაც.
ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე, "არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა" და თითოეული მიღებული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების სტანდარტს შეუსაბამოს.
ცნობისთვის, 1-ელ აპრილს, პარტია გირჩი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაუქმებულიყო პარლამენტში გენდერული კვოტირება, კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებდა, მათ პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის ყოფილიყო.
ცვლილებას თავიდანვე მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, რომელიც პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს.
4 აპრილს, დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი და შედეგად, საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა.
კვოტების გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო — 22.
კანონპროექტის განხილვა ორი დღის განმავლობაში ხმაურის და შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა.
18 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაწერა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც "წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან".
0
0