15/07/2023
21:25
საზოგადოება
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის დაწყებული ინსპექტირების სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დღეს სამეცნიერო დისკუსია გამართეს, შედეგები კი პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.
სამუშაოების ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია, რომელიც იტალიელ, გერმანელ, ბრიტანელ და ამერიკელ სპეციალისტებს აერთიანებს.
როგორც გელათის რეაბილიტაციის საკითხებში ეროვნული სამეცნიერო საბჭოს დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მონაწილეობენ იმაში, რომ ძალიან დეტალურად იყოს შესწავლილი ყველა პრობლემა.
„ბუნებრივია, გელათში არის პრობლემები როგორც გადახურვის, ასევე არის კედლის მხატვრობის, მოზაიკის პრობლემა, მაგრამ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება. ყველა ერთხმად ამბობს, რომ გელათი არ ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს, გელათი არის მსოფლიო მემკვიდრეობა. ჩვენთვის გელათი არის ყველაზე მთავარი, რაც გვაქვს, ეს არის ჩვენი მთავარი იდენტობა“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, კედლის მხატვრობის კონსერვატორის, ლიზა შეკედეს თქმით, ტაძრის მდგომარეობა კრიტიკულია. მისივე განცხადებით, ძირითადი მიზეზი არის ნესტი, რომელიც წლების განმავლობაში იჩენს თავს.
„ეს არის ერთგვარი ენდემური პრობლემა ნაგებობებისთვის, რომელთაც მრგვალი სახურავი გააჩნიათ ისეთ ადგილებში, სადაც კლიმატი ხანდახან იწვევს ძლიერ წვიმებსა და მსგავს პრობლემებს. საკითხი მდგომარეობს, როგორ დავიცვათ სახურავების სისტემა. ეს ძალიან მასშტაბური პროექტია.იგი მოიცავს არქიტექტორების ჩართულობასაც, რომლებიც ცდილობენ დროებითი გამოსვლის მოძიებას, რათა დაიცვან კედლის მხატვრობები და შეიმუშავონ გადახურვის სისტემა ხანგრძლივი პერსპექტივისთვის“, – აღნიშნა ლიზა შეკედემ.
როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა, კედლის მხატვრობის კონსერვატორმა, სტივენ რიკერბიმ განაცხადა, გელათში კედლის მხატვრობასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან სერიოზულია და საჭიროა ფრთხილად მოქმედება.
„საქმე გვაქვს მემკვიდრეობით მდგომარეობასთან. მდგომარეობა ისეთია, რომ უკიდურესად რთული ხდება მათი უსაფრთხო დამუშავება. ზუსტად იმის გამო, რომ ისინი ძალიან ძვირფასია, ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად დარწმუნებული, როგორ მივუდგეთ მათ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უკიდერესად ფრთხილად, ნელა და ზედმიწევნით ფაქიზად, რათა თავიდან ავიცილოთ წარსულის შეცდომები“, – აღნიშნა სტივენ რიკერბიმ.
0
0