
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ სუს-ის გვერდზე გავრცელებულ გეკა გელაძის განცხადებაშია აღნიშნული.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ. მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, – ნათქვამია გეკა გელაძის განცხადებაში.
0
0