05/11/2024
13:23
პოლიტიკა
გეგმა ვერ ექნება იმ ხალხს, რომლებიც სხვებისგან იმართებიან - ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ხაზარაძის, გვარამიას, გახარიას გეგმები, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა გეგმები ექნებათ მათ პატრონებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სამი ოპოზიციური კოალიციის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერებს ვერანაირი გეგმა ვერ ექნებათ, ვინაიდან მათი ღირებულებები ქართველი ერის შესაბამისი არ არის.
„მათი განზრახვებიც არ არის ქართველი ერის ნების შესაბამისი განზრახვები. გეგმა ვერ ექნება იმ ხალხს, რომლებიც სხვებისგან იმართებიან. გეგმა აქვთ სხვებს - რაც სხვების გეგმა იქნება და რასაც იტყვიან, ზუსტად ისე მოიქცევიან. ხომ ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ? - გაიხსენეთ 2020 წელი, როცა გადაჭრით საუბრობდნენ, შემდეგ ნახეთ როგორ და რატომ მოიქცნენ და ახლაც ზუსტად იმავენაირად მოიქცევიან. როგორც მათი პატრონები დაავალებენ, ზუსტად იმავენაირად მოიქცევიან. არც თავმოყვარეობას გაუფრთხილდებიან - როგორც მაშინ შემოვიდნენ პუფებივით. თავმოყვარე ადამიანი ასე მოიქცეოდა? - არა. არც ის თავმოყვარეობა ეყოთ, რომ შემდეგ ხელფასები მოითხოვეს. გაცდენების გამო დაქვითული რომ ჰქონდათ და 2021 წლის დეკემბერში მაგისთვის შევკრიბეთ, რომ ხელფასები მიგვეცა და მსუყე თანხები ჩაერიცხათ ამ რევოლუციონერ ხალხს, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომ ფული მათთვის არაფერი იყო და არ სჭირდებოდათ. ამ მხრივ, არანაირი თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. როდესაც სხვის მსახურებაში ხარ, თავმოყვარეობა უნდა დათმო. ასე აქვთ დათმობილი, რასაც მათი პატრონები ეტყვიან, ზუსტად ისე მოიქცევიან.
ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ხაზარაძის, გვარამიას, გახარიას გეგმები, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა გეგმები ექნებათ მათ პატრონებს. როგორი გეგმებიც ექნებათ, ზუსტად ისე მოვიქცევით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა უწყვეტ აქციებს საქართველოში, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „უწყვეტი ცოტა სხვა რამეს გულისხმობს.“
"[პროტესტი] რომელიც გუშინ უკვე შეწყდა. უწყვეტი ცოტა სხვა რამეს გულისხმობს. გუშინ თავად ხალხმა გასცა პასუხი იმ აბნეულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ დაპირებებშიც იხლართებიან. ვნახეთ ადამიანების რაოდენობა და მათივე იმედგაცრუებული ამომრჩეველი, რაც სწორია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ტყუილს აჯერებენ. მაგიტომ მოგიტანეთ რუკის მაგალითი. ყველა ხედავდა რაც იყო. ამ ტყუილით ცდილობენ ადამიანის დაჯერებას, რაც მაქსიმუმ 2-3 საათი ძლებს. შემდეგ ყველა იგებს, რომ ეს ტყუილია და იმედგაცრუებას იწვევს მათივე მხარდამჭერებში. ეს შემდეგ იმაში აისახება, რაც გუშინ ვნახეთ - რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც იმ აქციაზე მივიდა და რომელსაც ვერაფერი შესთავაზეს. სხვათა შორის ვერც კარვები დავინახეთ, რომელსაც ასე დაბეჯითებით აგროვებდა ოპოზიციის წარმომადგენელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0