
ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები - სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები , - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობენ დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნებიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ, რომ საქართველო ჩაბარდეს რუსეთს. ალბათ, სხვადასხვა გამართლება აქვთ საკუთარ თავში, მაგრამ, არ მჯერა, რომ საქართველოში იბადებიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ, როგორი არის რუსული რეჟიმი და სჯერათ, რომ საქართველო უკეთ იქნება რუსული ჩექმის ქვეშ.
სამაგიეროდ, მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. ეს სწორი გზა რა არის, ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა ერის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი უცხოელი პარტნიორი ითხოვს ახალ არჩევნებს იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომც და არაფერს არ თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს იმიტომ, რომ დასათმობი არაფერი არ აქვს, ეს არის ღრმა კრიზისი, რომელიც უკვე ოთხი თვეა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები.
კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? ამაში ასევე ჩართული ვარ, უნდა შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის. ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორეს მხრივ, ახალი პოლიტიკური პარტიები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თქვენთან არიან, ქუჩაში დგანან.
მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებას ერთად, ყველა პროევროპულ პარტიას, მაგრამ ერთი რამ, ვიცი - პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ეს არის ქართული ქარტია, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონი უნდა იყოს გაუქმებული, სადაც წერია, რომ ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სადაც წერია, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა დავიბრუნოთ, სადაც წერია, რომ კორუფცია უნდა დავძლიოთ, სადაც წერია ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელი არის არჩევნებიდან პირველ ექვს თვეში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0