
მგონია, რომ ამათი წერილები და განცხადებები უნდა შეაფასოს ფსიქიატრმა და არა პოლიტიკოსმა- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “კობახიძის ეს შემოგდებული თემა გათვლილია იმ მასებზე, რომლებიც სოციალურ მძევლობაში აიყვანა რეჟიმმა და პროპაგანდის მიმართ არის მგრძნობიარე.”
კითხვაზე, დღეს რა პოზიცია აქვს ოპოზიციას რუსეთთან დაკავშირებით, ფოფხაძე პასუხობს, რომ გამორიცხავს რუსეთთან რამე ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს.
"პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოკუპანტია. მეორე, ის სტანდარტი, რაც მათ უკრაინაში გაჩაღებული ომით, მსოფლიოს შესთავაზეს, ეს არის სახიფათო სტანდარტი. თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია. ამას მე ომს არ ვუცხადებ და ხაზს არ ვუსვამ. ჩემ წრეში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან აგრესიულები არიან და იმ დონეზე არიან, რომ ყველაფერი რუსული არის ბოროტება. მე მიმაჩნია, რომ ბოროტებას არ შეიძლება ჰქონდეს ეროვნული კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რუსი პატრიოტია საქართველოს და ქართული იდეის“- განაცხადა ფოფხაძემ.
0
0