
ორი ადგილია ყველაზე ლეგიტიმური ქართველი ადამიანისთვის: ციხე ან ქუჩა. ეს შეკრებები ინარჩუნებს შესაძლებლობას, ქვეყანაში ბოლომდე არ შედეგს დიქტატურა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს.
ფოფხაძე აცხადებს, რომ ისინი ისტორიის სწორ მხარეს დგანან.
„ისეთი პოლიტიკური ვითარება შექმნა დე ფაქტო რეჟიმმა, რომ ადამიანი ან უნდა იყო ქუჩაში და აპროტესტებდეს ამ რეალობას, ან ციხეში უნდა იჯდე. მესამე ადეკვატური ქცევა, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, არ არსებობს. ამიტომ რამდენჯერაც საჭირო იქნება, უნდა შევიკრიბოთ, დავაფიქსიროთ, რომ ამ რეჟიმს არ მივიღებთ, მათ პრინციპებს და სტანდარტებს არ მივიღებთ. ჩვენი წინაპრების გზაზე ვდგავართ, რომლებიც იბრძოდნენ ევროპისთვის. ამას აკეთებდა მირიან მეფე, როდესაც ქრისტიანობა მიიღო, დავით აღმაშენებელი, როდესაც დიდგორზე იბრძოდა.
ჩვენთან ერთად იბრძვიან კოტე აფხაზი და ილია ჭავჭავაძე, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დგას ფილიპე მახარაძე და ბუდუ მდივანი. ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ. არაფერი მოსარიდებელი რწმენასა და პოზიციაზე არ გვაქვს. რა ფორმითაც იქნება საჭირო აქტიურობა, უნდა განხორციელდეს. ორი ადგილია ყველაზე ლეგიტიმური ქართველი ადამიანისთვის: ან ციხე, ან ქუჩა. ეს შეკრებები ინარჩუნებს შესაძლებლობას, ქვეყანაში ბოლომდე არ შედეგს დიქტატურა“,- აღნიშნა ფოფხაძემ.
როგორც ფოფხაძემ განმარტა, ბრძოლის მეთოდები, შესაძლოა, გამრავალფეროვნდეს, „მაგრამ არც ძველი გზა არ არის მისატოვებელი“.
„რასაც ვაკეთებთ, იმის კეთება უნდა გავაგრძელოთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, თუ რა რეალობაა, ადეკვატური ფორმები გამოვიყენოთ. რეალობაა ის, რომ მასობრივი რეპრესიებია, ბევრი პოლიტპატიმარია. რა თქმა უნდა, ახალი პროტესტის ფორმები, შესაძლოა, გამოიძებნოს, თუმცა უნდა შევთანხმდეთ, რომ ჯერ პოლიტიკურ-სამართლებრივი ბრძოლის რესურსი ამოწურული არ არის. მაინცდამაინც შეიარაღებული აჯანყების წინაშე არ ვდგავართ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, ის სივრცე, რასაც უცხოელი პარტნიორები გვიქმნიან, ჯერ კიდევ შეგვიძლია, ქუჩაში ვიდგეთ და ვიბრძოლოთ. ჯერ პატიმრებს და თანამებრძოლებს, რომლებიც ციხეში არიან, არავინ ხვრეტს, ჯერ კიდევ შეგვიძლია, სისხლი არ დაღვრილა, ჯერ კიდევ შეიძლება ამ რეჟიმის მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლა, მაგრამ თუ რეჟიმი ძალიან გაჯიქდება და მოინდომებს ბოროტმოქმედ რეჟიმად იქცეს, ბოროტმოქმედი რეჟიმები ძალიან ცუდად ამთავრებენ ისტორიულად“, – აღნიშნავს ფოფხაძე.
0
0