
პრობლემა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დონეზე წყვეტს იმას, ვინ იქნება პოლიტიკაში და ვინ - არა. მისთვის თუ სასურველი ხარ, იქნები ოპოზიციაში, თუ არ ხარ სასურველი, ოპოზიციაშიც ვერ იქნები. ოპოზიცია იქნება მთლიანად მარიონეტული და გაფორმებული ხელისუფლების მხრიდან. ივანიშვილი ამით აღწევს თავის ოცნებას, რომ არა მარტო მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეს, არამედ ჰყავდეს მარიონეტული ოპოზიციაც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ
მისივე თქმით, ამ კანონის მომდევნო ნაბიჯი ოპოზიციონერების იძულებაა, მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი.
ფოფხაძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვება და ამის გამო მმართველი გუნდი ძალიან დაზარალდება.
„აქ უსამართლობაზეც არაა საუბარი. 7 ნოემბრის მერე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რომ ვემზადებოდით, მაშინაც უბანზე ვიყავი წარმომადგენელი, ვიცავდი ოპოზიციის ხმებს, მაშინ კალაძე გამოდიოდა და დითირამბებს უმღეროდა მიშა სააკაშვილს. ბაკურიანი იმიტომ წავაგეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვა გვერდში ედგა სააკაშვილის გუნდს და ივანიშვილი ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს სააკაშვილს არჩევნებში, მაშინ ეს ხალხიც ავკრძალოთ. 9 წლის მანძილზე ერთი დღე არ ვყოფილვარ სააკაშვილის მომხრე და ივანიშვილი ფულითაც ეხმარებოდა, 7 ნოემბრის მიტინგი რომ დაარბიეს, ფულიც მისცა, პრემიები დაურიგა ხალხს. ივანიშვილი მაშინ დარბევებს აფინანსებდა, ახლა თვითონ აწარმოებს დარბევებს და მე ვერ ვხვდები, რამდენად შეიძლება აქ მორალური სტანდარტი იყოს.
9 წელი ვიყავი „ნაცმოძრაობასთან“ ოპოზიციაში, არჩევნებიდან არჩევნებამდე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ ყოფილიყო და შენ რომ მაგ არგუმენტით - „ნაცმოძრაობა“ ცუდი იყო“ - მე მიკრძალავ პოლიტიკურ აქტიურობას... ეგენი იყვნენ „ნაცები“. მე მაგათგან ოპოზიციური აქტიურობა ერთი დღე არ მინახავს. პაპუაშვილი იყო ოპოზიციაში თუ კობახიძე ახსოვს ვინმეს ოპოზიციაში ან მამუკა მდინარაძე?
მაგ ნიუანსებსაც თავი რომ დავანებოთ, მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც გადაიბარეს „ნაცმოძრაობიდან“ - ჩინჩალაძე, მურუსიძე, გვრიტიშვილი - ესენი უვადო მოსამართლეები არიან და მე პოლიტიკური საქმიანობა მეკრძალება. ბიძინა ივანიშვილის ხათრით სხვა საქმიანობას ვერ დავიწყებ და არ დავიწყებ.
რეალურად, მთავაზობს, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო. მაგ კანონის მეორე ნაბიჯი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დისიდენტები უნდა გავხდეთ, არის პოლიტიკური თავშესაფარი. რა თქმა უნდა, არ მოვითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს, მოვირგებთ დისიდენტების სტატუსს და საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დისიდენტები.
გასაგებია, რომ იქნება არამარტო მარიონეტული მთავრობა, არამედ მარიონეტული ოპოზიციაც, რაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესში არ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და იმედია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ბოლომდე ხელს არ ჩაიქნევენ ჩვენზე, მაგრამ ეს რეჟიმი მაგის გამო დაზარალდება“, - განაცხადა ფოფხაძემ.
0
0