
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები „დარბევის იმიტაციებსა და ვარჯიშებს“ ატარებენ, რაც მისი თქმით, მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებულად ეშინია 4 ოქტომბრის.
მან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა, რომ „არ დაუპირისპირდნენ თანამოქალაქეებს და იფიქრონ რეალურ ჯილდოზე“.
„გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომ გდდ-ს თანამშრომლები ვარჯიშობენ, სხვათა შორის, რამდენიმე კვირაა, რაც ამას აკეთებენ. ივანიშვილს და მის დაჯგუფებას 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია. ყველამ იცის, რომ ქუდზე კაცი გამოდის და ივანიშვილის დამარცხებას წინ არაფერი აღარ უდგას და ცხადია, ვერც ეს გდდ-ს თანამშრომლების ვარჯიში, კოტრიალები, იმიტაციები ვერ უშველის პროცესს, რომელიც უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. თავის მართლებაა, რომ არაფრის ეშინიათ. თუ არ ეშინიათ, მაშინ რისთვის ამზადებენ? რატომ ჰყავთ გამოყრილი გდდ-ს თანამშრომლები ამ სიცხეში?
მინდა, ყველა გდდ-ს თანამშრომელს ვუთხრა: თქვენ გაქვთ შანსი არა თუ თქვენს თანამოქალაქეებს დაუპირისპირდეთ, არამედ 200 000 დოლარი მიიღოთ ჯილდო, ამიტომ ამაზე იფიქრეთ, ეს ჯილდო რეალურია, ხელშესახებია და ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ თქვენს თანამოქალაქეებზე უკანონოდ იძალადოთ, თქვენ უბრალოდ ფარის დადება მოგიწევთ, ივარჯიშეთ ფარის დადებაში თქვენთვის ჩუმად და მიიღეთ ეს 200 000 დოლარი ჯილდო. გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ივანიშვილს რომ მუხლები ეკვეთება შიშისგან, ესეც ნათლად ჩანს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური „ერთად ფლობენ საკმარის თანხებსა და კომპრომატს ბიძინა ივანიშვილზე, რაც მათ საშუალებას მისცემს მისი ხელისუფლების დამხობაში ხალხს დაეხმარონ“.
მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდში არსებული დაპირისპირება და ურთიერთნდობის დაკარგვა მათთვის პრობლემად იქცა:
“ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს ერთად იმდენი “ქეში” ფული აქვთ, იმდენი კომპრომატი ივანიშვილზე, რომ უბრალოდ ერთმანეთის ნდობა სჭირდებათ, რომ ბიძინას აყირავებაში დაეხმარონ ხალხს - 30 წუთში დასრულდება ყველაფერი. ბიძინას იქეთ ეკვეთება მუხლები - თქვენ რომ ერთ პირში, ერთიანად, ძლიერად დაუდგეთ და "კნუტებივით" არ ელოდებოდეთ, თუ როდის ჩაგყრით ციხეში, როდის გაგაუბედურებთ, როდის ასროლინებს ვინმეს თქვენზე (რიჟვაძის მსგავსად) - დაფიქრდით 2 წუთი, რას ემორჩილებით ასინეთას (მდინარაძე) და კობახიძის იმედად დარჩენილ ივანიშვილს?! ამას დაუმატეთ გამწარებული რიჟვაძე, ჯუანშერი, ქარსელაძე და სხვები… ერთმანეთის ნდობა დაგაკარგვინათ ბიძინამ თორემ, რომ დასხდეთ 2 წუთში იქეთ "გააბაწრინებთ" ხალხს ბიძინას და მის ბანდას. იქნებ ღირს დაფიქრებად - ნუ თუ გამოგდით და იცით ფიქრი“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.
0
0