25/04/2023
16:57
პოლიტიკა
ევროკომისია ნელ-ნელა მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოს ოქტომბრის თვეში კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს და ევროპასთან დაახლოების შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში.
„ჩვენ ოპტიმისტური ინფორმაცია მოგვდის ჟურნალისტებისგან, რომლებიც კომისიიდან გამოჟონილ ვერსიებს აქვეყნებენ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკომისია ნელ-ნელა მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ
საქართველოს ოქტომბრის თვეში კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს და ევროპასთან დაახლოების შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოს.დაახლოებით ერთი კვირის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა განახლებული დოკუმენტი ევროკომისიას ჩვენი პროგრესის შესახებ. ეს პროგრესი შედგება ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე მიღწევებით, პლუს 12 პუნქტთან დაკავშირებით დაფიქსირებული მიღწევებით. სწორედ ამ ხელშესახებ პროგრესზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ სტატუსი მოგვენიჭება და ეს უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოსწორდება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს სჭირდება საქართველო.
„ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობა. უზარმაზარი გზა გაიარა ქვეყანამ, რომ მოგვნიჭებოდა ეს სტატუსი, ფათერაკებით აღსავსე, გამოწვევებით აღსავსე, სისხლიანი გზა, დაუნდობელი დაპირისპირების რუსეთის ფედერაციასთან და დიქტატორ პუტინთან. ვფიქრობ, ჩვენ ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად, რომლებიც ნატო-ს მისიაში მსახურობდნენ ავღანეთში და დღესაც მსახურობენ ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში. ეს ბევრს ავიწყდება და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას არ გაუგზავნია თავის ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში. 100-მდე ჩვენი სამხედრო დღესაც ემსახურება მშვიდობის დამყარების მისიას აფრიკულ სახელმწიფოში. ასე რომ, გჭირდებოდეს ქართველი მეომარი და მისი სიცოცხლე მშვიდობის დასამყარებლად და არ გჭირდებოდეს საქართველო ევროკავშირში, ეს მე არ მესმის, ამას პირდაპირ გეუბნებით, სადღაც გულისწყვეტით გეუბნებით. ჩვენ არ ვართ არავის საზარბაზნე ხორცი, ეს უნდა გაიგოს ყველამ. გვინდა, თავაწეული მივიდეთ ევროკავშირში და არა ცალ ფეხზე მდგომი ადამიანები“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024