27/05/2023
23:22
მსოფლიო
ევროკავშირის კანონმდებლობის მრავალჯერ დარღვევის გამო, უნგრეთი ვერ იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე 2024 წელს, - ასეთი შეფასებაა გამოთქმული ევროპის პარლამენტის დეპუტატების რეზოლუციის პროექტში, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს, იტყობინება გამოცემა Euractiv-ი.
პროექტს, რომელსაც გაეცნო გამოცემა, მხარი დაუჭირეს პარლამენტის მთავარმა პარტიებმა.
უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა 2024 წელს ივლისიდან უწევს.
იმავე წლის მომდევნო თვეში კი ევროპაში არჩევნებია დაგეგმილი, ხოლო თავმჯდომარე ქვეყანა პასუხისმგებელია ევროპის კავშირის კანონების შესაბამისი მოლაპარაკების ფორმირებაშიც.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, „ეჭვქვეშ დგება უნგრეთის შესაძლებლობა, საიმედოდ გაართვას თავი ამ ამოცანას 2024 წელს, თუ გავითვალისწინებთ მის შეუთავსებლობას ევროპის კანონმდებლობასა და ფასეულობებთან, რომლებიც ევროკავშირის შექმნის შეთანხმების მეორე პარაგრაფშია ჩამოყალიბებული, ასევე, კეთილსინდისიერი თანამშრომლობის პრინციპთან“.
პროექტში გამოთქმულია მოწოდება, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს შესაბამისი გამოსავალი.
უნგრეთთან ევროკავშირის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 2015 წელს მიგრაციის საკითხში, როცა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სასაზღვრო ზღუდე ააგო და ლტოლვილების მიღების წინააღმდეგ გამოვიდა.
დაახლოებით იმავე დროს, თაღლითობასთან ბრძოლის ევროკავშირის სააგენტომ OLAF-მა, განგაში ატეხა უნგრეთისთვის ევროკავშირის მიერ საერთო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზანშეწონილად გამოყენების გამო.
0
0