23/09/2024
23:16
პოლიტიკა
მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“, ახლა ამ რისკის დრო ნამდვილად არ იყო , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა რისკი იყო, რაც არ გამოვიდა.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა საზოგადოებაში მოლოდინები გააჩინა, რომ რაღაც იცვლება, თუმცა „ეს მოლოდინი დამთავრდა ცუდად, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია“.
„მოლოდინი პრეზიდენტის ბრიფინგზე გაცილებით მეტი იყო. მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ქარტიაზე ლაპარაკი, არამედ ის, თუ რა მოხდა მოლაპარაკებებზე, ვგულისხმობ, გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებას. რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება და როგორ იყო? გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“. რისკი შეიძლება გაწიო, მაგრამ რისკს რაღაც ფორმა უნდა ჰქონდეს და ჩარჩოებში ეტეოდეს. ახლა ამ რისკის დრო ნამდვილად არ იყო. გულწრფელად გითხრათ, მეგონა, რომ შავი სამუშაო შესრულებული იყო და უბრალოდ კეთდებოდა ის, რაც კეთდება ხოლმე ასეთ დროს. როდესაც პირველი პირები ხვდებიან ერთმანეთს, უკვე გამზადებულ, ფაქტობრივად შეთანხმებულ დოკუმენტზე ხდება ხელმოწერა. ვფიქრობდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო და თურმე პრეზიდენტს გაურისკავს, ძალიან ცუდად გაურისკავს თუ გარისკა." -ამბობს ძაბირაძე.
0
0