
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ “შესვენების დრა” და დროებით წყვეტს აქტიურობას სოციალურ ქსელში - Facebook-ში. როგორც თავად წერს, “გაერიდება სიძულვილის ენას, ზიზღსა და დამუნათებას, რითაც სოცქსელები წალეკილია”.
ჩანადირი წერს:
დღეს შესრულდა 10 წელი, რაც "ფეისბუქზე" დავრეგისტრირდი.
ახლა შესვენების დროა. აქ ამოვწურე ჩემი თავი და ისე ხშირად აღარც შემოვიხედავ ხოლმე.
ამასთანავე, გავერიდები სიძულვილის ენას, ზიზღსა და დამუნათებას, რითაც სოცქსელები წალეკილია.
მაბედნიერებს ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე. ბევრი ქართული საწარმო, წარმატებული და პირველნაბიჯებგადადგმული მეწარმეები, შემოქმედები, სპორტსმენები, ყოველდღიური გმირები და საინტერესო ადამიანები გაგაცანით. ბევრ გაჭირვებულ და უძლურებაში მყოფ ადამიანს დავუდექი გვერდით თქვენი მეშვეობით.
მთელი ეს ათწლიანი ფეისბუქობა იმისთვის გამოვიყენე, მეთქვა, რომ დამუნათების, სიძულვილისა და ლანძღვის გარეშეც შეიძლება აზრისა და საქმის დაწუნება, პროტესტის გამოხატვა, გაკრიტიკება და სათქმელის აუდიტორიამდე მიტანა. ცეცხლზე ნავთი არ დამისხამს. შევეცადე, საავტორო უფლებები დამეცვა და სხვებსაც ვეხმარებოდი ამაში.
სამწუხაროდ, 8 ისეთი შემთხვევა გამახსენდა, როცა გადაუმოწმებელი ამბავი გავავრცელე და თანაც, ისე, რომ წყაროს ვენდობოდი.
"ფეისბუქი" გამოვიყენე არაერთი სამოქალაქო აქტივობისთვის, რითაც ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა, მოქალაქეობა და ევროპა საკუთარი თავიდან იწყება.
ასევე, მინდოდა, მეთქვა, რომ გამართული ქართულით ლაპარაკი და წერა უმთავრესია და ამდენი ბარბარიზმით ენის დაბინძურება უხეირო ამბავია. წინაპრების მემკვიდრეობასა და ძალისხმევას და მშობლიურ, სახელმწიფო ენას აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი.
უამრავი ისტორიული ამბავიც მოგიყევით
და საინტერესო ფაქტი გადმოგეცით, რათა ჩვენი დიდებული წარსულისა და ამბების თურაშაული აქ მოგვენახა.
მხილების ნაცვლად კარგზე ვამახვილებდი ყურადღებას და ჩემი ღრმა რწმენით, ეს უფრო განაწყობდა ადამიანებსა და დაწესებულებებს საქმის კარგად წარმართვისკენ.
ძალიან ბევრი რამ საჯარო მხილების ნაცვლად პირადი მიმოწერით გამიკეთებია, მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან, სხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებებთან და კომპანიებთან. მათ ფბგვერდებს ვეძებდი და პირადში ვწერდი, რომ საზოგადო საკითხი მოეგვარებინათ. ეს მიდგომა ძალიან ამართლებდა.
სულ ვცდილობდი, გაწონასწორებული ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ
ნაწილს ეს არ მოსწონდა და ხშირად ღიად მომიწოდებდა აგრესიისკენ.
არავის ვარჩევდი, როცა ვინმეს ჩაგრავდნენ ან უსამართლოდ ექცეოდნენ. ყველას ვესარჩლებოდი. ხანდახან კი თავი შემიკავებია მოსალოდნელი უსიამოვნო უკურეაქციისა და საკითხის გამძაფრების ასარიდებლად.
ასევე, ზოგჯერ არ ვეხებოდი თემებს, რომელიც კომენტარების სახით დამკომენტარებელს ან თემასთან დაკავშირებულ ადამიანებს შორის სიძულვილს, აღშფოთებას, დაპირისპირებას გაამწვავებდა ან წარმოქმნიდა. არადა, ასეთი მაინც გამოერეოდა ხოლმე.
ამ ხნის მანძილზე 200-მდე დამკომენტარებელ-გამომწერი დავბლოკე და 100-მდე ფბმეგობარი წავშალე არაადეკვატური გამოხტომების, სიძულვილის ენის ან ლანძღვის გამო. ჩემი დაკვირვებით, მეც წამშალა 600-მდე გამომწერმა და 50-მდე ფბმეგობარმა. მიზეზი არ ვიცი, რადგან პირადად მე არც არავინ გამილანძღავს და არც დამიმუნათებია. ალბათ, რაღაც საკითხებში არ მოსწონდათ ჩემი მიდგომა-დამოკიდებულება.
ეს ნორმალური პროცესია.
რა მოწოდებითაც გამოვდიოდი, ვცდილობდი, რომ იმ საქმეში თავადვე ვყოფილიყავი სამაგალითო. უბრალოდ, არასწორია ადამიანებს იმისკენ მოუწოდებდე, რასაც თავად არ აკეთებ.
არასდროს ამიფრიალებია სხვისი დაფოტოებული სტატუსები და პირადი მიმოწერები. არც უარყოფით საკითხებზე მომინიშნავს ვინმე და არც არავის დავლაპარაკებივარ ნიშნისმოგებით.
ბევრჯერ თავი შევიკავე.
მადლობა თქვენ ჩემო ფბმეგობრებო და გამომწერებო თანადგომისთვის, კრიტიკისთვისა და თანამოაზრეობისთვის. თქვენით ვიყავი ძლიერი და თქვენი მხარდაჭერით ბევრი კარგი საქმე გავაკეთე. მარტო ვერაფერს გავხდებოდი.
ბევრი რამ მასწავლეთ და ბევრ რამეზე დამაფიქრეთ. ძალიან სწორ და საინტერესო აზრებს მიზიარებდით.
საუკეთესო ადამიანები გამაცნო თქვენი სახით.
ვამაყობ თქვენით, თქვენი უკუკავშირით, ზოგჯერ სამართლიანად და ზოგჯერ უსამართლოდ მწარე-მრისხანეც რომ იყო.
ვამაყობ იმით, რომ მენდობოდით, რაც ასახულია 55 ათას გამომწერსა და 5 ათასამდე მეგობარში. ვაცნობიერებ, რომ ეს ძალიან დიდი აუდიტორიაა და ამიტომ არასდროს გამომიყენებია პირადი, მერკანტილური, რომელიმე პარტიული მიზნისთვის, მიუხედავად შემოთავაზებებისა.
ჩემი მთავარი არსი არის ღმერთი, ადამიანი, საქართველო!
ვრჩები ევროპული მომავლის ერთგული და ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებსაც სამართლიანი, დემოკრატიული, განვითარებული, აყვავებული, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირებული საქართველო უნდა.
თქვენი მადლიერი ვარ.
"ფეისბუქის" მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობებისთვის.
მრავალ ახალ წელს! - წერს გოგა ჩანადირი.
0
0