31/07/2023
15:25
მსოფლიო
ნიგერში სამხედრო გადატრიალების მხარდამჭერი დემონსტრანტები საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში პარიზის გავლენის გაპროტესტებასთან ერთად მოსკოვის მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
მიუხედავად კრემლის მოწოდებისა, გაათავისუფლონ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული და ამჟამად პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი, აქციაზე ისმოდა შეძახილები "გაუმარჯოს რუსეთს", "გაუმარჯოს პუტინს", "ძირს საფრანგეთი".
დემონსტრანტების ნაწილმა საელჩოს საინფორმაციო დაფა ჩამოხსნა, ზედ ფეხებით შედგა და მის ადგილას რუსეთისა და ნიგერის დროშები ჩამოკიდა.
გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები საელჩოსთან ცეცხლის გაჩენას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფისის თქმით, საფრანგეთი თავის მოქალაქეებსა და დაწესებულებებზე თავდამსხმელებს დაუყოვნებელ პასუხს გასცემს.
ნიგერი 1960 წლამდე 50 წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც ორ ქვეყანას მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებდა. ნიგერში ბევრი თვლის, რომ საფრანგეთი 1960 წლის შემდეგაც აგრძელებდა იმპერიული მიდგომებით მოქმედებას, ქვეყნის რესურსებს თავის სასარგებლოდ იყენებდა და მის ეკონომიკურ პოლიტიკასაც განსაზღვრავდა.
ანტიფრანგული და პრორუსული მოძრაობები რეგიონში ახალი არ არის და იგივე პროცესები ბოლო წლებში ბურკინა ფასოსა და საჰელის რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობდა.
0
0