25/12/2021
12:11
სამართალი
ფიჭვის სახეობის ტოტების უკანონოდ გაკაფვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში კი, მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხე-მცენარეების ტოტები და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.
მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს 40 ერთეული კავკასიური ნაძვი აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა.
ავტომობილები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ მონიტორინგს აგრძელებენ, ხოლო უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, გრძელდება 24 საათიანი კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია.
0
0