23/09/2025
16:30

პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ითვალისწინებს საქართველოში ლამის მართვის კანონმდებლობის, რეგულაციების და დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავებას; ასევე, საპილოტე პროექტის მომზადებას ლამის ხელახალი გამოყენების სარგებლის დადგენის მიზნით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს (ADB) ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით, საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, ერთ-ერთი რეკომენდაცია ქვეყანაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის შედეგად საკანალიზაციო ლამების რეგულირებაა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის ცირკულარული ეკონომიკის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვან და კომპლექსურ ხასიათს ატარებს. სამუშაო პროცესი გრძელდება, ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შევძლებთ ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ტექნიკური რეგლამენტის სახით“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე პრეზენტაციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საქართველოში ლამის მართვის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება გარდაბნის, ურეკის, ზუგდიდის, აბასთუმნის, ქობულეთის, ადლიის (ბათუმი), ანაკლიის, წყალტუბოს და თელავის მაგალითზე.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს ლამის მართვის შესაბამისი ღონისძიებები, გარდა მისი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ტერიტორიაზე შენახვისა, რაც არ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად, საჭიროა ლამის ხელახალი გამოყენება (აგროსფეროში, ენერგიის წარმოებაში) ან სხვა სათანადო განკარგვის ვარიანტები, რა პროცესშიც აუცილებელი იქნება საქართველოში არსებული ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი ლამის უსაფრთხო ხელახალი გამოყენებისთვის და სრულყოფილი მონიტორინგის მხარდაჭერისთვის.
პროექტის - „საქართველოში საკანალიზაციო ლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის მომზადებისთვის“ განმახორციელებელ ორგანიზაციებს გამოცდილი იტალიური საინჟინრო კომპანიები IDROSTUDI SRL, E.T.C. ENGINEERING S.R.L. და შპს „გერგილი“ წარმოადგენენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
0
0