
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანსიები სატყეო რეფორმის ფარგლებში ცხადდება, რომლის მიზანია ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება.
რეფორმის ფარგლებში 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი.
„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტიც. უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში გაიარონ გასაუბრება და ტყის მცველის პოზიციაზე დასაქმდნენ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ტყის მცველის პოზიციაზე მუშაობის მსურველებმა პირადი მონაცემები მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე hr@forestry.gov.ge. ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელსაც სრული ზოგადი განათლება აქვს.
0
0