
ალბანეთის ხელისუფლებამ აქციაში მონაწილე პირების წინააღმდეგ 6 000 დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმები დააწესა, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ძალადობრივ ქმედებებში არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ედი რამას მთავრობამ საკანონმდებლო ზომები მიიღო, რომელთა მიხედვით, 500 ათას ლეკამდე (დაახლოებით 6 130 დოლარამდე) დაჯარიმდება ყველა, ვინც ძალადობისა და ძარცვის დროს აქციაზე დარჩენას გადაწყვეტს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ალბანეთში საშუალო ხელფასი გადასახადების გადახდამდე თვეში 1 026 დოლარია.
კანონის მიხედვით, პოლიციამ ასევე მიიღო უფლება, ძალადობის რისკის შემთხვევაში, დროებით შეზღუდოს თავშეყრა გარკვეულ უბნებში, განსაკუთრებით სასწავლო, სამედიცინო და სამთავრობო დაწესებულებების მახლობლად. ზომები სანქციებს ითვალისწინებს ინტერნეტით ძალადობისკენ წაქეზებისთვისაც, ასევე საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული მცირე ბიზნესისთვის კომპენსაციას ადგენს.
ახალი წესები უკვე ამოქმედდა, თუმცა ძალაში დარჩენისთვის 45 დღეში პარლამენტის მიერ დამტკიცება იქნება საჭირო.
0
0