12/05/2022
02:47
საზოგადოება
69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. პიანისტი აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია.
ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით. პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.
მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
0
0