14/04/2022
16:55
სამართალი
განზრახ მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადად ნაცვლად დღეს მოქმედი 7 წლისა, განისაზღვრება 10 წელი, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახ მკვლელობისთვის განისაზღვრება 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ზოგიერთი განზრახ მკვლელობისთვის დღეს მოქმედი რედაქცია უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა.
“არასრულწლოვანის ან ორსული ქალის განზრახ მკვლელობისთვის შესაძლებელი გახდება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ამასთანავე, მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი. კერძოდ, დღეს მოქმედი კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას გამოყენებულ იქნას მობილური ტელეფონით ან ვიდეოკამერით განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, მაშინ როცა ასეთი ვიდეოჩანაწერი ხშირად უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა. მაგალითად, ასეთი ვიდეომტკიცებულების განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება ისეთი დანაშაულების გამოძიებისას, როგორებიც არის ოჯახური ძალადობა, მუქარა, ადევნება, იძულება, სატრანსპორტო ხასიათის დანაშაული. ასეთი საქმეები ხშირად ხასიათდება ლატენტურობით და გამოსაძიებლად რთულია, ამიტომ ამ დანაშაულების გამოაშკარავება შესაძლებელია სწორედ მათი ამსახველი ვიდეჩანაწერის მეშვეობით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
0
0