
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ მშვიდობიან, ერთიან და წარმატებულ, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა, შესანარჩუნებელია.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესია. ყველას ვულოცავ, ყველა ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობიან, ერთიან და წარმატებულ, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას. ეს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა, რომელიც არც თუ ისე იაფი დაუჯდა საქართველოს, საკმაოდ ძვირად ღირებული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია, შესანარჩუნებელია. ეს არის ის ბრძოლა, რომელშიც ყოველდღიურად ვართ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პოზიციონირებას, მის წარმოჩენას საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას და ზოგადად საქართველოს როლს საერთაშორისო ასპარეზე. ეს არის ის, რაც განსაკუთრებით წარმოაჩენს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, ქვეყნის უნარს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ეს გამოწვევა, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, კიდევ ერთხელ გვასწავლის და გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ და დავიცვათ სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად და ამის კეთებას გავაგრძელებთ მომავალშიც. 26 მაისი არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ყველას ყურადღება მოვაპყროთ საქართველოსკენ. საქართველო საელჩოები აქტიურად ახორციელებენ საქმიანობას, რათა ქართული კულტურა, საქართველო სათანადოდ იყოს წარმოჩენილი საზღვრებს გარეთ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ბოჭორიშვილმა უპასუხა კითხვას, რას ეტყვის იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ „მათ უნდა ჩაიბარონ აღლუმი, რომ აქ შეკრებილ ადამიანებს არ აქვთ მორალური უფლება, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ“.
„ჩემი გზავნილი ამ ადამიანების მიმართაც იქნება ის, რომ თუკი გავაცნობიერებთ ყველა ერთად, რას ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტი, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, მაშინ მსგავსი განცხადებები და ფიქრები არავის მოუვა თავში. განსხვავებულობა ეს არ არის რაიმე ცუდი. თუკი ჩვენ განსხვავებული აზრი გვექნება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ეს ნორმალურია, თუმცა მნიშვნელოვანია, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, განსაკუთრებით ფარგლებს გარეთ, სჭირდება ერთობა. ამის გარეშე ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვა. მე ვუსურვებ საქართველოს, სწორედ ამ ერთობისთვის მიგვეღწიოს, რომ გარეთ მაინც ქვეყანა პოზიციონირებდეს ერთიანად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0