
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა.
საშობაო ეპისტოლეში ილია მეორემ ყურადღება უკრაინის ომზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამართლიანობისა და ერთიანობისთვის უნდა იზრუნოს, რადგან მას გეოპოლიტიკურად რთული ადგილი უკავია.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი.
მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20).
ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტესშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს“, - აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.
0
0