30/07/2023
12:35
პოლიტიკა
"კიდევ ერთხელ ვუხდი გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას. იმედი მაქვს, რომ ეს ქანდაკება იქნება შთაგონება ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის და წაახალისებს ქართული ლიტერატურის, პოეზიისა და ჩვენი უნიკალური ენის უზარმაზარი სამყაროს შესწავლას. დაე, ეს ქანდაკება იდგეს მყარად როგორც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სიმბოლო, და იყოს მოტივაცია, რომელიც მიგვიყვანს უფრო ნათელი და ურთიერთდაკავშირებული მომავლისკენ. დიდი მადლობა“, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულება.
„ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი. ეს კავშირი უკვე დამყარდა და მოხარული ვარ, რომ ქართველთა შორის მზარდი ენთუზიაზმი არსებობს ჩინური კულტურისა და ენის მიმართ. სწორედ ეს მზარდი ინტერესი ქმნის ძლიერ საფუძველს ადამიანთა შორის მნიშვნელოვანი გაცვლის ხელშეწყობისთვის. ამ კონტექსტში, მინდა ხაზი გავუსვა იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც ასრულებენ კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებენ და აქტიურად უწყობენ ხელს ჩინური კულტურისა და ენის გავრცელებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა და განვითარება. უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
0
0