
15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.
მსახურებას, მრევლთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საგანგებოდ დღესასწაულისთვის, ზუგდიდში იმყოფება იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი.
წმინდა დღესასწაული საზოგადოებას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიულოცა.
"ნამდვილად წმინდა და დიდი დღეა არა მარტო ზუგდიდისა და სამეგრელოსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, მართლმადიდებლებისთვის და საქრისტიანოსთვის.
ვლაქერნობის დღესასწაული არის დღე, როდესაც ღვთისმშობლის კვართის გამოსვენება ხდება და მსახურება აღევლინება საკათედრო ტაძარში. ყველას ვულოცავთ ამ დღეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო დღეებში ხდება მსახურება და ესწრება უამრავი ადამიანი. წირვას ახლა გამორჩეული პატრიარქი ატარებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
წირვის დაწყებამდე დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს. სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით შედგა მსვლელობა. მომლოცველებმა გაიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და წმინდა სამოსელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.
0
0