27/10/2024
13:01
არჩევნები 2024
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ პარტია "ლელოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "განრისხებულები" არიან იმით, "რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ". მისი სიტყვებით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები "არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას" და გააკეთებენ ყველაფერს, რათა "დაცული იყოს საქართველოს ხალხის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი".
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას "ყველა კანონიერი, დემოკრატიული ფორმით" და "ქვეყნის დემოკრატიის, ევროპული მომავლის გადასარჩენად" გამოიყენებენ "ყველა მშვიდობიან, დემოკრატიულ საშუალებას".
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სიტყვებით, ის, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, არის "გამოცხადება და არა რეალური შედეგი" და მთელი პროცესი იყო "შეურაცხმყოფელი".
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, გამოცხადებული მაჩვენებლები "აცდენილია მოქალაქეების ნებას" და შედეგი მიღებულია "დაშინების, მანიპულაციებისა და არაკანონიერი გზების გამოყენებით". მისი სიტყვებით, თითოეული მიღებული ხმა ავალდებულებთ, იბრძოლონ მათ დასაცავად. კოალიციის წარმომადგენლებს მედიის შეკითხვებისთვის დამატებითი პასუხი აღარ გაუციათ.
22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53,064% დააგროვა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა. ამის შესახებ ბრიფინგი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ არ აპირებენ "მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას".
"კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, ასევე არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების აღიარებას და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის არსებობაზე საუბრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "ჩემი ხმა", რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას", შესაბამისად კოალიცია გააგრძელებს შედეგების ბათილობის მოთხოვნას.
ცესკოს ცნობით, 22 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
0
0