კანონის საფუძველზე სამინისტროს დაევალება, შექმნას ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფცია, სტანდარტები, რომ უკვე რეალურად უმაღლესი განათლების სექტორს, უნივერსიტეტებს მივცეთ შესაძლებლობა, განავითარონ ახალი ონლაინ პროგრამები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა “იმედს” განუცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრომ დღეს მთავრობის სხდომაზე გაიტანა რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც ონლაინ-დისტანციური განათლების რეფორმას ითვალისწინებს. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული რეფორმა „ონლაინ უნივერსიტეტის გაჩენას მოიაზრებს“.
„რამდენიმე საკითხია, დავიწყებ ონლაინ უნივერსიტეტით. ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. დღევანდელ სამყაროში, პრაქტიკულად უმაღლეს განათლებას საზღვრები არ აქვს. ტექნოლოგიების განვითარებამ, სხვადასხვა დარგისა და სწავლების მეთოდიკების განვითარებამ ბუნებრივია, დღის წესრიგში პანდემიის შემდეგ, აქტიურად დააყენა ონლაინ განათლების საკითხის დარეგულირება საგანმანათლებლო სფეროში. მსოფლიოს ყველა წამყვან განათლების ქვეყნებში უკვე ძალიან მრავლად ნახავთ როგორც ონლაინ უნივერსიტეტებს, ასევე თავად ახალ ონლაინ პროგრამებს, იქნება ეს საბაკალავრო თუ სამაგისტრო მიმართულებით. ბუნებრივია, არ შეიძლებოდა, ჩვენც გამონაკლისი ვყოფილიყავით. განსაკუთრებით, იმ განვითარების ფაზაზე, როდესაც საქართველოში წლიდან-წლამდე უცხოელი სტუდენტების მომართვიანობა რადიკალურად იზრდება, რაც ძალიან კარგია. ამიტომ, ამას სჭირდებოდა თანამედროვე მიდგომებით ხელშეწყობა და პირველი ნაბიჯი არის სწორედ, ელექტრონული ონლაინ განათლების რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილებები. შესაბამისად, კანონმდებლობაში პირველ ეტაპზე შემოდის მცნება, ონლაინ უნივერსიტეტი და სამინისტროს დაევალება ამ კანონის საფუძველზე, პრაქტიკულად, შექმნას ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფცია, სტანდარტები, რომ უკვე რეალურად საგანმანათლებლო სექტორს, უმაღლესი განათლების სექტორს, უნივერსიტეტებს მივცეთ შესაძლებლობა, მათ ეს მიმართულებაც განავითარონ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი არის ამის ფლაგმანი, სადაც უამრავი ონლაინ-უნივერსიტეტისა და ელექტრონულ-დისტანციური განათლების პროგრამას ვხედავთ. იგივე ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-შიც“, - განაცხადა მინისტრმა.
0
0