განაში, 12 წლის გოგონა 63 წლის მღვდელმთავარზე, ნუუმო ბორკეტი ლოუჰ ცურუ XXXIII-ზე, დაქორწინდა.
მღვდელმთავარი საზოგადოების პატივსაცემი წევრია, რომელიც დედაქალაქ აკრას ნუნგუას რაიონში ცხოვრობს. ის, როგორც სულიერი ლიდერი, სწირავს მსხვერპლს საზოგადოების სახელით, მათთვის ლოცულობს და კულტურულ რიტუალებს ატარებს.
აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში ქორწილის კადრები გავრცელდა. ცერემონიალს საზოგადოების ათობით წევრი ესწრებოდა. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ქორწინება დაგმო.
„ბავშვთა ქორწინების მხარდაჭერა და საზოგადოების გავლენიანი ლიდერების მიერ ამ პრაქტიკის აღიარება და დაცვა ხელს უწყობს ნორმიდან გადახრილი ისეთი ქცევების განმტკიცებას, როგორიცაა პედოფილია“, - ნათქვამია განას პედიატრიული ასოციაციის განცხადებაში.
პოლიციის განცხადებით, „გოგონას იდენტიფიცირება მოხდა და ის ამჟამად დედასთან ერთად მათი დაცვის ქვეშ იმყოფება.“ ინციდენტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.
გაეროს ბავშვთა სააგენტოს (UNICEF) თანახმად, დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში [განაში], 10 გათხოვილი გოგონადან 9 არ დადის სკოლაში.
როგორც BBC-ი წერს, განაში ქორწინების კანონიერი მინიმალური ასაკი 18 წელია. ბავშვთა ქორწინების შემთხვევები ბოლო წლებში შემცირდა, თუმცა არ შეწყვეტილა. განას კულტურაში მღვდელმთავრებისა და მღვდელმთავრის ცოლების შერჩევა სასულიერო პროცესად ითვლება.
0
0