
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მენტალურ ტრავმად დარჩებოდა, თუმცა, დარჩიაშვილს მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.
“ბოლშევიკური ტროიკაც კი დახვრეტის გამოტანამდე ფორმალურ სხდომას მართავდა და ოქმს ხელს აწერდა. ბატონი დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნიათ, ეს "თქვენი მიჩნევა" საკმარისი საბუთია საიმისოდ, რათა ადამიანი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენოთ და მიაყენებს კიდეც, თუ "ვლასტი" მოიგდო ხელში. ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მის უკურნებელ მენტალურ ტრავმად დარჩებოდა, ასეთი ერთი რომ იყოს, თუმცა, საკმარისი მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. სიტყვის თავისუფლება იმითაცაა კარგი, რომ ნებისმიერი სიდამპლე გარეთ სააშკარაოზე გამოაქვს.
P.S. საინტერესოა, რომ ბატონი დ.დ. განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო. არადა სულ ტყუილად წუხს, სტრასბურგი სასამართლოს განაჩენების მართებულობას იხილავს, სასამართლოს გარეშე მკვლელებს სტრასბურგი რად უნდათ?!” - წერს ვასილ მაღლაფერიძე.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?", - წერს დარჩიაშვილი.
0
0