
განა იმ ქალებს ეკუთვნით მადლობა, რომელთა შვილებიც იდგნენ ნიღბებაფარებული, ჩიები, რადგან შეშინებული იყვნენ, იდგნენ ფარების უკან და მომართულები იყვნენ თავისი ძმების, მამების, მეგობრების მოსაკლავად და გასანადგურებლად, განა ასეთი გაზრდილი შვილების დედებს ეკუთვნით მილოცვა, – ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
თამრიკო ჭოხონელიძემ ქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ და ძალიან მეამაყებით. ვერ წარმოიდგენთ, რა განცდაა, როდესაც აქ დგახარ და უყურებ საღად მოაზროვნე ადამიანებს ერთად შეკრულს თავისი ქვეყნის მომავლისთვის შეკრულს.
როდესაც მითხრეს, რომ პირველი უნდა გამოვსულიყავი, ძალიან შევშინდი, მაგრამ ალბათ სიმბოლურია, რომ პირველი უნდა გამოვიდეს ქალი, დედა. გუშინ 8 მარტი იყო, თითქოს მოკრძალებულად მეუბნებოდნენ, გილოცავთ 8 მარტსო. ჩემთვის ვფიქრობდი, განა ყველა ქალს უნდა მივულოცოთ 8 მარტი? განა ყველა ქალს ეკუთვნის მადლობა ქალობისთვის? განა იმ ქალებს ეკუთვნით მადლობა, რომელთა შვილებიც იდგნენ ნიღბებაფარებული, ჩიები, რადგან შეშინებული იყვნენ, იდგნენ ფარების უკან და მომართულები იყვნენ თავისი ძმების, მამების, მეგობრების მოსაკლავად და გასანადგურებლად, განა ასეთი გაზრდილი შვილების დედებს ეკუთვნით მილოცვა?
მინდა, მათ ვთხოვო, მოვუწოდო, ჯერ კიდევ გვიანი არ არის, ქალებს ყველაფერი შეგიძლიათ. შეგიძლიათ, მოქაჩოთ თქვენი ბიჭები, ოჯახის კაცები და უთხრათ, რას აკეთებ უგუნურო, ვის მიმართ გაქვს მომართული ეს იარაღი? შენი სისხლისა და ხორცის მიმართ? ეს ხომ სასწაულია და საქართველოში უდიდესი სირცხვილია.
მინდა, იმ ქალებს ვუთხრა, რომ მოდით, მოსალოცად გაიხადეთ საქმე, თქვენი შვილები მომართეთ ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი ადამიანების, მტრის, რომელსაც საშინელი რუსეთი ჰქვია, მათ საწინააღმდეგოდ. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორია კარგად არ იციან, არ იციან იმ ბიჭებმა, თუ რა გააკეთა რუსეთმა ამდენი წლების განმავლობაში. არაფერი რუსეთს ჩვენთვის არ გაუკეთებია ცუდის მეტი და ევროპა, რომლითაც ასე აშინებენ, პირიქით, შენს ისტორიას, კულტურას, იდენტობას უდიდეს პატივს სცემს და ეს ასეც იქნება. ამიტომაც ყველა უნდა მოვმართოთ ევროპისკენ, რადგან საქართველო ევროპის ნაწილია.
მაგრამ როგორ არ შემიძლია, მიულოცო გუშინდელი დღე, ძალიან დიდი პატრიოტების, დიდი ადამიანების მშობლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას ვიტყვი მე, რომელზეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, რაც ამ ბავშვებმა დაამტკიცეს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი საშუალება, ყველამ ერთად ქედი მოვიხაროთ სტუდენტების წინაშე და მადლობა ვუთხრათ მათ გამზრდელ დედებს.
მიუხედავად ამ დამაიმედებელი ინფორმაციისა, რომ კანონის გამოწვევა მოხდა, ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა – ჩვენ არ გვჯერა. ესეც დაიმსახურეს, რომ ხალხს არ სჯერა. ვიდრე ეს არ იქნება საბოლოოდ გაფორმებული, ეს ხანგრძლივი პროცესია, აქ ჩვენ კიდევ უნდა ვიდგეთ, ჩვენ არ უნდა გავტყდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოემართება იმისკენ, რასაც ჰქვია ჩვენი მომავალი თაობისა და საერთოდ საქართველოს მომავალი. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც ეს ბიჭები მომართა, რომ დაწამლულიყვნენ აქ ადამიანები. გული გამისკდა, როგორ იმეტებენ თავის ძმებს. მინდა, მათ ვუთხრა, ჩვენ ქალები ვდგავართ აქ, ჩვენი სიმბოლო დგას თასით და ხმლით ხელში, ქალებს ბევრი რამ შეგვიძლია, თავებს შევაკლავთ ჩვენი შვილების გულისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ და ბევრნი ვართ რაც მთავარია და ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს, როგორც ჩვენ მტერს, ქართველ ხალხს და ჩვენს ისტორიას ეკადრება“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
0
0
საქართველო ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა
16/05/2025